Tuesday, February 1, 2011

gmg

პირველმა ქართულმა ფასიანმა ტელევიზიამ მუშაობა დაიწყო

მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად აქტიური ტელემაყურებელი ხართ - ინფორმაციის მიღების ამ სა­შუალებას ნებისმიერი ადამიანის ყოველდღიურობაში გარკვეული ადგილი უჭირავს. სხვა საქმეა, რამდენად სრულყოფილი და, მარტივად რომ ვთქვათ, საინტერესოა ის თქვენთვის. თუმცა დღეს შეუძლებელი არაფერია, თითოეულ თქვენგანს შეუძლია ჰქონდეს საკუთარი ტელევიზია, მხო­ლოდ საკუთარ გემოვნებასა და მოთხოვნილებებზე მორგებული. სწორედ ასეთ არჩევანს გთავა­ზობთ Pay television-ის პრინციპზე მომუშავე GMG - ”გლობალ მედია გრუპი”, რომლის ექვსიდან ერთ-ერთი არხი თითქმის ერთი კვირაა ეთერშია.

ეს ფეხბურთის არხი გახლავთ, რომელიც 14 იანვრიდან მაყურებელს ევროპის ექვსი ქვეყნის საფეხ­ბურთო ჩემპიონატის მატჩების ტრანსლაციას სთავაზობს, მათ შორის ინგლისის პრემიერლიგის მატჩებსაც, რომლის ჩვენების უფლება, მაგალითად, ჩვენთან ასე პოპულარულ რუსულ HTB-ს არ აქვს. ზოგადად, ჩვენთან არც HTB-ს არხების მაუწყებლობაა ლეგალური, თუმცა ეს სხვა თემაა... დავუბრუნდეთ GMG-ს.

”გლობალ მედია გრუპის” ლოგოზე ექვსგანყოფილებიანი ფერადი ქოლგაა გამოსახული, თითოეუ­ლი ფერი კონკრეტულ სეგმენტს შეესაბამება: მწვანე უკვე ნახსენები ფეხბურთის არხია, წითელი - ზოგადად სპორტული არხის ფერია, ნარინჯისფერი - ბავშვებისთვის განკუთვნილ არხს ნიშნავს, ცისფერი - დიასახლისებს ტელესერიალების ყურებისკენ უხმობს, იისფერი - კინოგურმანებისთ­ვის გაკეთებული არხია, ხოლო ოქროსფერი - ჰოლივუდური კინოპროდუქციისა. როგორც ხედავთ, ყველა ძირითადი სეგმენტი ათვისებულია, თუმცა როგორც GMG-ს დამფუძნებელი და დირექტო­რი მამუკა გამყრელიძე ამბობს, ეს მხოლოდ დასაწყისია: ”ფასიანი ტელევიზია საქართველოსთვის ახალი პროდუქტია, ამიტომ დასაწყისისთვის იმ ძირითადი მიმართულებებისგან შემდგარი პაკე­ტი ავირჩიეთ, რომელზეც მოსახლეოობის მხრიდან ყველაზე დიდი მოთხოვნა არსებობს. საცდე­ლი ტრანსლირებისთვისაც სწორედ ამიტომ შევარჩიეთ ფეხბურთი - სპორტის ამ სახეობას განსა­კუთრებული რაოდენობის მაყურებელი ჰყავს. ამიტომ, პირველადი დასკვნების გაკეთების საშუა­ლებაც გვაქვს - ამ არხის მაყურებლისგან შემოსული ზარები მოწმობს, რომ ჩვენ მიერ შერჩეული ჩემპიონატებითა და მაუწყებლობის ხარისხით კმაყოფილი არიან, რაც გვაძლევს იმედს, რომ და­ნარჩენი არხების ეთერში გასვლის შემდეგაც იგივე განმეორდება.”

იმისთვის, რომ GMG-ის არხების მიღების საშუალება გქონდეთ, საქართველოში არსებული რომე­ლიმე საკაბელო ტელევიზიის მომსახურებით უნდა სარგებლობდეთ: ”აიეტი”, ”გლობალ ტივი”, მეშვიდე არხი, მიმდინარეობს მოლაპარაკება ”სილქნეტთან” და მერვე არხთან, აგრეთვე რეგიონებ­ში არსებულ საკაბელო ტელევიზიებთან, თუმცა ბათუმში, რუსთავსა და აღმოსავლეთ საქართვე­ლოს ზოგ ქალაქში GMG-ს უკვე ჰყავს მაყურებელი. მიმდინარე წლის 1 მარტამდე მთელ პაკეტს უფასოდ მიიღებთ, შემდეგ კი, როგორც ”ფეი თივის” პრინციპი ითვალისწინებს - გარკვეული საფა­სურის გადახდა მოგიწევთ. როგორც მამუკა გამყრელიძე ამბობს, ეს იქნება მინიმალური გადასახა­დი, დაახლოებით იმდენი, რასაც თვის განმავლობაში რამდენიმე ბოთლ ლუდში იხდით. პაკეტის საფასური ზუსტი მხოლოდ იმ მიზეზით არაა, რომ მისი მაუწყებლობა სხვადასხვა საკაბელო ტე­ლევიზიაზეა დამოკიდებული, ანუ იხდით ამ არხების მიერ დაწესებული ტარიფის მიხედვით. მო­მავალში გადასახადის შემცირება შესაძლებელია, თუ GMG-ს მომხმარებელთა რაოდენობა გაიზრ­დება - მეტი მაყურებელი ნაკლებ ფასს უდრის.

რაც შეეხება არხებს. ფეხბურთზე უკვე ვისაუბრეთ, წითელი ანუ სპორტული არხი კი ყველა დანარ­ჩენ სახეობას გააერთიანებს, მათ შორის იქნება სარაგბო ჩემპიონატების მატჩების ჩვენება, რაც სა­ქართველოში სპორტის ამ სახეობის მიმართ არსებული განსაკუთრებული ინტერესითაა გამოწვეუ­ლი. საბავშვო არხი, შესაბამისად, პატარებისთვის იმუშავებს. ეთერი თავდაპირველად შეძენილი ტელეპროდუქციით დაიტვირთება, თუმცა დროთა განმავლობაში აქ გაკეთებული გადაცემებითაც შეივსება, რაზეც უკვე მიმდინარეობს მუშაობა. ტელესერიალების არხით დიასახლისები, განსა­კუთრებით, ლათინურ ამერიკაში წარმოებული საპნის ოპერების მოყვარულები გაიხარებენ. რო­გორც მამუკა გამყრელიძე ამბობს, ამ ტიპის სერიალებზე მოთხოვნა ძალიან დიდია, ამიტომაც გა­დაწყდა მათთვის ცალკე არხის მომზადება, თუმცა სამომავლო გეგმებში საოჯახო არხის გაკეთე­ბაც შედის, სადაც ჩვენთან არანაკლებ პოპულარული ამერიკული სერიალების ჩვენებაც მოხდება.

კინომოყვარულებისთვის ერთდროულად ორი არხი იმუშავებს, მათთვის, ვინც ჰოლივუდურ ფილმებს არ სწყალობს, ”კინოგურმანი” მზადდება. აქ იმ ფილმებს ნახავთ, რომლებსაც ჰოლივუ­დის სანახაობრივ ფილმებთან საერთო არაფერი აქვს. გარდა ამისა, გვაჩვენებენ კინოსამყაროსთან დაკავშირებულ გადაცემებსაც. იგეგმება სხვადასხვა რეჟისორებისა და მსახიობების ან რამე მოვ­ლენასთან გაკავშირებული ფილმების კვირეულები. ჰოლივუდის არხი ამერიკული კინოს თაყვა­ნისმცემლებისთვის იმუშავებს. ამჟამად ფილმებისა და სერიალების გახმოვანების პროცესი მიმ­დინარეობს.

GMG-ს ახალი არხების გაშვება თანმიმდევრობით მოხდება, თვის ბოლომდე სპორტული არხის ამუშავება იგეგმება, შემდეგ კინოარხების, აპრილიდან კი სერიალებისა და საბავშვო არხების ნახ­ვის საშუალება მოგეცემათ.
მაგალითად მე უკვე მაქვს gmg

No comments: